ბრიტანული გამოცემა The Times აცხადებს, რომ უკრაინელი მებრძოლი მფრინავი, რომელიც "კიევის აჩრდილის" სახელითაა ცნობილი მარტში, ოკუპანტებთან ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით "კიევის აჩრდილმა" ომის დაწყებიდან 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.
მედიის ცნობით, მაიორი სტეფან ტარაბალკა მაშინ დაიღუპა, როცა MiG-29, რომელსაც მართავდა 13 მარტს მტრის ძალებთან შეტაკებისას ჩამოვარდა. ის 29 წლის იყო.
The Times-ს მებრძოლი პილოტის დაღუპვა დღეს უკრაინის ხელისუფლებამაც დაუდასტურა.
"კიევის აჩრდილი" პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდეო პილოტზე, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს 6 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
სოციალურ ქსელებში მას უკრაინელები "გმირად" და "მფარველ ანგელოზად" მოიხსენიებდნენ, თუმცა "კიევის აჩრდილის" ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო. ამის გამო გაჩნდა აზრი, რომ ეს უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთების გასაძლიერებელად შექმნილი მითი იყო. უკრაინული წყაროები კი ირწმუნებოდნენ რომ "კიევის აჩრდილი" ნამდვილი ადამიანია.
სტეფან ტარაბალკა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, სოფელ კოროლივკაში დაიბადა. მან ხარკივის საჰაერო ძალების სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის 13 მარტს დაიღუპა. ტარაბალკას ცოლი და 8 წლის შვილი დარჩა.
სტეფან ტარაბალკას დაღუპვის შემდეგ გადაეცა უკრაინის უმაღლესი ჯილდო ბრძოლაში სიმამაცისთვის, ოქროს ვარსკვლავის ორდენი უკრაინის გმირის ტიტულით.